სიძულვილის ენა
სიძულვილის ენას ხშირ შემთხვევაში აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამთან. შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალები სიძულვილის ენად აღიქმება. რეალურად, მათ შორის დიდი განსხვავებაა. იმის გამო, რომ ყველა ქვეყანას სხვადასხვა უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები გააძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას რომელიმე პირის მიმართ. მიუხედავად ამისა, არსებობს შეთანხმება თუ რას ეფუძნება სიძულვილის ენა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებული რეკომენდაციით, “სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით”. სიძულვილის ენა სერიოზულ საფრთხეებს უქმნის დემოკრატიული საზოგადოების ერთიანობას, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.
აქედან გამომდინარე,
მასთან ბრძოლა ძლიერ მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, სიძულვილის
ენას საზოგადოების ფენებში იმდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული, რომ მოკლე დროში მისი
აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ ჩვენი ძალისხმევითა და ერთიანობით გარკვეულ პერიოდში
სიძულვილის ენას გავაქრობთ, ინფორმირებით (ბლოგები, შეხვედრები, ლოზუნგები, ტრენინგები,
ვებინარებით და აშ.) ჩვენ სიძულვილის ენაზე მოსაუბრე ადამიანებს ჩავუნერგავთ
იმას, რომ სიძულვილის ენა არაფერია თუ არა დროის ფუჭი ხარჯვა, რომელსაც დადებითი შედეგები
არასდროს ახლავს თან. სიცოცხლის ძვირფასი წუთები კი, უსარგებლო და უშედეგო ქცევებზე
არ უნდა დავხარჯოთ, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ ხალხში მოსიყვარულე და არა სიძულვილის
ენაზე მოსაუბრე ადამიანებად დავიმკვიდროთ თავი.
No comments:
Post a Comment